ფეხბურთი

1:12 | 14.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ბრწყინვალე სეზონი უნაკლოდ ვერ დაასრულა: "ჩელსი" მსოფლიოს ჩემპიონია

„პარი სენ-ჟერმენმა“ ბრწყინვალე სეზონი უნაკლოდ ვერ დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხი განიცადა.

მარცხი, რომელიც მოულოდნელია, რადგან პსჟ „ჩელსისთან“ ფავორიტად განიხილებოდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან პარიზული გუნდი უბრალოდ დაფრინავდა. მეორე მხრივ, „ჩელსი“ ძალიან ძლიერია, მაგრამ ჯგუფში „ფლამენგოსთნ“ უშანსოდ წააგო, პლეი-ოფშიც ბევრად მარტივი ბადე ერგო, რამაც ფინალში გასვლა გაუმარტივა.

თუმცა, ყველაზე მოულოდნელად, არა შედეგი, არამედ თამაშის ხარისხი და ანგარიშია: „ჩელსიმ“ პსჟ-სთან ის გააკეთა, რასაც უმეტესად პსჟ უკეთებდა აქამდე მეტოქეებს.

პირველი სახიფათო მომენტი პსჟ-მ შექმნა, როცა დეზირე დუეს კარში დარტყმა მართებდა, მაგრამ პასის გაკეთება გადაწყვიტა კარის წინ, თუმცა ბურთი მცველმა ჩაუჭრა. „ჩელსის“ აწუხებდა მეტოქეს და კოლ პალმერს ძალიან ცოტა დააკლდა გატანამდე. სამაგიეროდ, „ჩელსის“ ლიდერი მალე აღმოჩნდა ზუსტი, როცა ჯანლუიჯი დონარუმას შორეულ კუთხეში გაუტანა. 8 წუთში პალმერმა დუბლი შეასრულა, ეს გოლი ძალიან ჰგავდა პირველ გოლს, ტყუპისცალივით. დონარუმა ბურთს ისევ ვერ შესწვდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ვერაფრით ახერხებდა თავისი თამაშის პოვნას, ენცო მარესკამ და მისმა გუნდმა ფრანგული გუნდი იდეალურად შეისწავლეს და ყველაფერი ბრწყინვალედ მისდიოდა „ჩელსის“. ტაიმის მიწურულს ლონდონელებმა მესამე გაიტანეს, ჟოაო პედრომ, რომელიც შესანიშნავად მოერგო ლონდონურ კლუბს სხვაობა სამამდე გაზარდა.

პსჟ-მ ვერც მეორე ნახევარში შეცვალა თამაში, უფრო მეტიც, რომ არა დონარუმა, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა - „ჩელსიმ“ გამარჯვება დაიმსახურა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 58-ე წუთამდე იყო, შემდეგ ბრედლი ბარკოლამ შეცვალა.

ფინალი ჩხუბით დასრულდა, მატჩის შემდეგ ორივე გუნდი ჩართული იყო საქმეში, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ჩელსის" ფეხბურთელ ჟოაო პედროს ხელიც გაარტყა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 32 თამაშში 8 გოლი, 7 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა. მსოფლიოს ჩემპიონობამდე კი, ნაბიჯი დააკლდათ.

ამრიგად, ლონდონის „ჩელსი“ განახლებული ფორმატის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ჩემპიონია. ენცო მარესკას გუნდმა სეზონი დუბლით შეასრულა, მანამდე კონფერენს ლიგაც მოიგო. უნდა ითქვას, რომ ტურნირის წინ „ჩელსი“ მთავარ ფავორიტებში ნამდვილად არ მოიაზრებოდა.

„პარი სენ-ჟერმენისთვის“ სეზონი დასრულდა, რომელშიც ოთხი ტიტული მოიგო და მუნდიალის ფინალიც ითამაშა. ცოტა ხანს პსჟ დაისვენებს, მაგრამ დიდხანს არა, რადგან ახალ სეზონს ზუსტად ერთ თვეში, 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ნანტს“ დაუპირისპირდება.

„ჩელსი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 პალმერი (22), 2:0 პალმერი (30), 3:0 ჟოაო პედრო (43)

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094394
სარეკლამო ადგილი - 99
X x X