„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა, ხოლო მის გუნდს შესანიშნავი სეზონი მიულოცა.
„ვულოცავ „ჩელსის“, დაიმსახურა გამარჯვება. შეგვიძლია ძალიან ვიამაყოთ იმით, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ. გვინდოდა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ეს რთულია. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს, ისინი დაღლილები იყვნენ. შესანიშნავი სეზონი გვქონდა, კლუბის ისტორიაში საუკეთესო. ვამაყობთ ფეხბურთელებითა და პერსონალით.
ეს მარცხი ჩვენთვის კარგია, მომავალი სეზონისთვის. თავმდაბლები უნდა ვიყოთ. ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვიყავით ამ ტურნირზე. ახლა შვებულების დროა და ფეხბურთელებს დასვენების საშუალება ექნებათ. ძალიან ვამაყობთ ამ სეზონით, რომელიც ბრწყინვალე იყო. მართალია, ფინალი წავაგეთ, მაგრამ გუნდით ვამაყობ“, - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. პსჟ ახალ სეზონს ზუსტად ერთ თვეში, 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ნანტს“ დაუპირისპირდება.