„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, წაგება სამწუხაროა, მაგრამ ის პსჟ-ს სეზონს არაფერს აკლებს:
„ფინალის წაგება ყოველთვის რთულია. ეს არის მატჩი, რომლის წაგებაც არ შეიძლება. თუმცა, თუ უკან გავიხედავთ, მაინც ფანტასტიკური მსოფლიო ჩემპიონატი გვქონდა. ძალიან მაღალი დონის გუნდებთან ვითამაშეთ, ისინი დავამარცხეთ და ფინალში გავედით. აქამდე შესანიშნავი სერია გვქონდა.
ვფიქრობ, მათ [ჩელსიმ] კარგად იმუშავეს ჩვენს სისუსტეებზე. ტაქტიკურად, პირველ ტაიმში სირთულეები შეგვიქმნეს. რეაგირებისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. მომავლისთვის ეს უნდა გამოვასწოროთ, გუნდები ახლა ჩვენს შესწავლას დაიწყებენ. მათ იციან, რას ვაკეთებთ კარგად და რას - არა. ჩვენზეა დამოკიდებული, ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყოთ. ფიზიკური ბრძოლა „ჩელსიმ“ მოიგო, მათ ბევრი დუელი მოიგეს. ჩვენ იმაზე დაბალ დონეზე ვიყავით, ვიდრე ვიცით, რომ შეგვიძლია. ისინი ძალიან ეფექტიანები იყვნენ. სწორედ ეს მთელ შედეგს ცვლის, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვნახეთ, ასევე, „რეალის“ წინააღმდეგ, „ბაიერნის“ წინააღმდეგ. ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა. ეფექტიანები არ ვიყავით.
გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენთან არიან, კარგ და ცუდ დროსაც კი. გვინდოდა მატჩის მოგება და ამ თასის პარიზში წაღება. არ ვიცით, შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე პსჟ-სთან ერთად თუ ვიქნებით, ამიტომ, ეს წაგება ჩვენთვის სამწუხაროა. თუმცა ჩვენს გიჟურ სეზონს ვერაფერს აკლებს. წარმოუდგენელი მომენტები განვიცადეთ. ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეებითა და ფილოსოფიით წავაგეთ, არ დავმალულვართ, ჩვენი თამაში ვითამაშეთ. „ჩელსიმ“ ჩვენზე მეტად დაიმსახურა.
ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა დაიწყო პსჟ-ს პატივისცემა, რაც სულ უფრო და უფრო მეტად აღფრთოვანებას იწვევს და ეს ნამდვილად მახარებს. ეს სეზონი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. სამწუხაროდ, ეს ტიტული ვერ მოვიგეთ, მაგრამ წარმოუდგენელი სეზონი იყო“, - თქვა ბრაზილიელმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. პსჟ ახალ სეზონს ზუსტად ერთ თვეში, 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ნანტს“ დაუპირისპირდება.