„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა.
ესპანელი სპეციალისტი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის, ჩხუბს და ზოგადად, საკლუბო მუნდიალს.
თამაშის ბოლოს ჩხუბი
„თამაშის ბოლოს შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც, ჩემი აზრით, ყველასთვის სრულიად შესაძლებელი იყო. ჩემი მიზანი და განზრახვა, როგორც ყოველთვის, არის ვეცადო, მოთამაშეები ერთმანეთისგან განვაცალკევო, რათა შემდგომი პრობლემები არ შეიქმნას. დიდი დაძაბულობა და დიდი ზეწოლა იყო. ბევრი ადამიანის მხრიდან ბევრი ბიძგი და შეურაცხყოფა იყო, რაც, ვფიქრობ, ყველამ უნდა ავიცილოთ თავიდან. დავინახე, როგორ უბიძგეს მარესკას. ჩემი მიზანი მოთამაშეების დაშორება იყო, რათა სიტუაცია არ დაძაბულიყო“.
კრიტიკა
„პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში რთული იყო. ისინი ენერგიით სავსენი იყვნენ. არიან ადამიანები, რომლებიც მაკრიტიკებენ, მაგრამ მე არ ვნერვიულობ. მთავარია, შვებულება მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ეს ფეხბურთია. მათ ძალიან კარგად დაიწყეს, მაღალი დონის პრესინგით და ჩვენ გაგვიჭირდა. ვცდილობდით გოლის გატანას, მაგრამ ვერ შევძელით. მათ დაიმსახურეს ეს გამარჯვება. ძალიან კარგად ითამაშეს. „ჩელსი“, როგორც ვთქვი, შესანიშნავი გუნდია“.
დამარცხებული
„აქ წაგებულები არ არიან, მხოლოდ მეორე ადგილზე გასულები. ცხოვრებაში წაგებულები ისინი არიან, ვინც ნებდებიან, ისინი, ვინც არ დგებიან. აქ, მაღალი დონის სპორტში, წაგებულები არ არიან. ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, და რთულ მომენტებშიც იცი, ვინ არის შენს მხარეს და ვინ არა. პატარაობიდანვე მაქვს ერთი დამახასიათებელი თვისება: შეიძლება ვინმეს მოვწონდე ან არ მოვწონდე, მაგრამ გამიმართლა, რომ ყველას, ვინც მიცნობს, ძალიან მოვწოვნარ. შეიძლება ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია“.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
„ეს არის ტურნირი, რომელიც შეიქმნა იმის გასარკვევად, თუ ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. რთული გრაფიკის გათვალისწინებით, მას შეუძლია ძალიან მაღალი დონის შეჯიბრად იქცეს. მომეწონა. ვერ მოვიგეთ, რადგან ფინალში იყო გუნდი, რომელიც უკეთესი იყო“.
პსჟ-ს ტურნირი
„ძალიან კარგი ტურნირი გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ თასი ვერ მოვიგეთ. დამწუხრებულები ვართ, რთულია, მაგრამ ეს უმაღლესი დონის სპორტია, ასეთია ცხოვრება, ამას უნდა შეეგუო. ვფიქრობ, თუ მატჩზე ვისაუბრებთ, „ჩელსიმ“ ძალიან კარგად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა, რასაც უნდა შევეგუოთ. სეზონის დასრულების დროა. ძალიან დიდი დრო გავიდა და დროა დასვენებით დავტკბეთ“.
პსჟ-ს გულშემატკივრები
„როგორც ყოველთვის, დღესაც, ჩვენმა გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის რთული იყო. ისინი ამას ყოველთვის, ყოველ წამს აკეთებენ. ვფიქრობ, გულშემატკივრებსა და გუნდს შორის ეს კავშირი ძალიან ძლიერია. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მივაღწევთ, ეს იქნება ჩვენი მიზანი“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. პსჟ ახალ სეზონს ზუსტად ერთ თვეში, 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე „ტოტენჰემთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ნანტს“ დაუპირისპირდება.