ლონდონის „ჩელსის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააჯილდოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც ლონდონელთა კაპიტან რის ჯეიმსს თასი გადასცა, ცოტა არ იყოს, უხერხულობა შეიქმნა.
ტრამპი არ გამოეცალა ფეხბურთელებს და სცენაზე მათთან ერთად დარჩა. ამიტომაც, ჯეიმსმა თასის აწევა შეაყოვნა, „ჩელსის“ ფეხბურთელებმა არ იცოდნენ რა ექნათ. საბოლოოდ, ტრამპი არსად წასულა და „ჩელსის“ ფეხბურთელებთან ერთად იყო სცენაზე, როცა მათ ტიტული აღმართეს.
„ვიცოდით, რომ ჩვენთან ერთად იქნებოდა, მაგრამ არ დარჩებოდა სცენაზე, როცა თასს ავწევდით. ამიტომ, ყველანი დაბნეულები ვიყავით“, - აღნიშნა კოულ პალმერმა.
თასის აღმართვიდან მალევე საქმეში ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ჩაერია, რომელმაც ტრამპი ზეიმს განარიდა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.