ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა პორტუგალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ადაპტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს, რადგან კლუბში ყველა ეხმარება.
„წარმოუდგენელია. ადაპტაცია ძალიან მარტივი იყო, რადგან კლუბში მომუშავე ადამიანები ძალიან დამეხმარნენ, ისევე როგორც ჩემი თანაგუნდელები, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. თავს გუნდისა და კლუბის ნაწილად ვგრძნობ. არ მაქვს შეგრძნება, თითქოს აქ ორი კვირაა ვარ, არამედ ორი ან სამი წელია. ეს ადვილი არ არის, ვგრძნობ, რომ გუნდისა და კლუბის ნაწილი ვარ.
მიზანი პორტუგალიის ჩემპიონატის მოგებაა. მჯერა, რომ კლუბისთვის ბევრი რამის მიცემა შემიძლია. ყველაფერს გავაკეთებ.
გიოკერეშის სიტუაცია? გუნდში იმისთვის მოვედი, რომ ვისიამოვნო, ვითამაშო და ვიბრძოლო. არ შემიძლია ვაკონტროლო ის, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული.
ჰიულმანი? ის გუნდის ლიდერია, მის თვისებებს დავაკვირდები და მთელი სეზონის განმავლობაში ვისიამოვნებ მასთან თამაშით.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში? მინდა გუნდს დავეხმარო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის კლუბია, რომელსაც წარმოვადგენთ. ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. გულშემატკივრებიც მნიშვნელოვანია. თუ ერთად ვიქნებით, შესანიშნავად გავატარებთ დროს და ჩვენი ოცნებები შეიძლება ახდეს.
პორტუგალიური ენა? ჯერ კიდევ ძალიან ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ სწრაფად ვისწავლი. ჩემი კოლეგები პორტუგალიურად მელაპარაკებიან და მეც ვცდილობ ვისწავლო. ყველაფერი მესმის, ლაპარაკი მიჭირს, მაგრამ სწრაფად შევეჩვევი“, - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ლისაბონურ კლუბში 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.