„ნიურნბერგის“ მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კლოზემ გუნდის ახალწვეულზე, ლუკა ლოჩოშვილზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელთან კონტაქტი ტელეფონით ხშირად ჰქონდა. მან ლუკას ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, იხუმრა კიდეც:
„ცოტა უფრო რთული იყო. ეროვნული ნაკრების შემდეგ მას კლუბში ორი პლეი-ოფის თამაში ჰქონდა. თუმცა, ჩვენ ხშირად ვუკავშირდებოდით ერთმანეთს, მათ შორის მობილური ტელეფონითაც.
ჩვენ ის მშვიდად დავტოვეთ. როგორც კი პლეი-ოფის მატჩების ბედი გადაწყდა, უფრო აგრესიული მიდგომა გამოვიყენეთ. ახლა, როცა ის აქ არის, მუშაობას იწყებს. წარმოუდგენლად ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთანაა. როდესაც გასახდელში შემოდის, ცოტა ბნელდება“, - თქვა კლოზემ.
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 63 მატჩში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, სადაც 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 27 წლის მცველს "დინამო თბილისში", "ჟილინასა" და "ვოლფსბგერშიც" აქვს ნათამაშები. საქართველოს ნაკრებში ლუკას აქტივში 23 მატჩი და 2 გოლია.
„ნიურნბერგი“ დიდი ისტორიის მქონე გერმანული კლუბია და გერმანიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, მაგრამ ბოლო დროს კრიზისი აქვს და II ბუნდესლიგაში გამოდის, სადაც გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა. გერმანული გუნდი სეზონს 2 აგვისტოს, "ელვერსბერგთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, რომელსაც II ბუნდესლიგის პირველ ტურში შეხვდება.