„მალაგამ“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 21 წლის თავდამსხმელის ადრიან ნინიოს ტრანსფერი თითქმის 400000 ევროდ შეათანხმა.
ეს, ერთი შეხედვით უინტერესო ამბავი, ძალიან გამორჩეულია: ეს პირველი ტრანსფერია ბოლო 7 წლის განმავლობაში, რომელშიც „მალაგა“ ფულს გადაიხდის. დიახ, ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2018 წელს დაფიქსირდა.
ამ ხანგრძლივ პერიოდში „მალაგა“ ფონს მხოლოდ თავისუფალი აგენტების ან იჯარით დამატებული ფეხბურთელების ხარჯზე გადიოდა. საქმე ისაა, რომ „მალაგას“ ძალიან მწვავე ფინანსური კრიზისი ჰქონდა, უამრავი ვალი, რის გამოც 7 წელი ფეხბურთელის ტრანსფერში ცენტიც ვერ დახარჯა.
ამიტომაც, ესპანური კლუბი, რომელიც ერთ დროს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, დაბალი რანგის დივიზიონებში აღმოჩნდა, თუმცა შარშან ლა ლიგა 2-ში დაბრუნება შეძლო, სადაც ადგილიც შეინარჩუნა და მომდევნო სეზონშიც იქ ითამაშებს.
„მალაგა“ 2011 წელს შეიხმა ალ ტანიმ შეიძინა, რამაც კლუბს წინსვლის საშუალება მისცა, მაგრამ ეს დროებითი ზღაპარი აღმოჩნდა, მალევე კლუბი ღრმა ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა, რის შედეგადაც იმ მდგომარეობამდე მივიდა, რაც ახლა წაიკითხეთ...