ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი კარიერას „მეცში“ გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის შემტევი „მეცს“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ის „გრენატის“ მეორე ქართველი ახალწვეულია მიმდინარე ზაფხულს - რამდენიმე დღის წინ გიორგი წიტაიშვილი დაიმატეს. ასე რომ, „მეცში“ ახალ სეზონში ორი ქართველი გარემარბი ითამაშებს.
„ძალიან მიხარია, რომ „მეცში“ ვარ. მოუთმენლად ველი ამ გუნდთან ერთად პირველი მატჩის ჩატარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს და ჩემს აგენტებს ჩემი ნდობისთვის და ყოველდღიური მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩემს გუნდს რაც შეიძლება მეტი გოლის გატანით დავეხმარები“, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა.
„მეცი“ ლიგა 1-ში დაბრუნდა, ასე რომ, მომდევნო სეზონს ელიტაში გაატარებს. შესაბამისად, აბუაშვილისა და წიტაიშვილისთვის ეს დიდი გამოწვევაა. „მეცი“ ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ამ გუნდში გიორგი მიქაუტაძე წარმატებით თამაშობდა.
გიორგი აბუაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, 2021 წელს ის პორტუგალიაში გადაბარგდა, სადაც ორი წელი „პორტუ B-ს“ რიგებში გაატარა, ხოლო შემდეგ ცოტა ხანი რუმინულ „პეტროლულშიც“ ითამაშა. 2024 წლიდან გიორგი ფოთის „კოლხეთში“ ირჯებოდა, რომლის მაისურით მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 8 გოლით გამოირჩა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში აბუაშვილმა 19 თამაშში 3 გოლი გაიტანა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კი, თავი სამ შეხვედრაში თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.
„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.