საქართველოს 7-კაცას ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ და მწვრთნელმა გია ლაბაძემ დაკავებული თანამდებობები დატოვეს.
ვეტერანი ბორჯღალოსნები გუნდში 2021 წელს მოვიდნენ და განვლილი 4 წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ალგარვეს (პორტუგალია) ეტაპზე, საქართველომ 1/4-ფინალში ესპანეთი (24:12), ხოლო ნახევარფინალში საფრანგეთი (14:7) დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ირლანდიას (10:19) ვეღარ აჯობა და მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩვენს 7-კაცას მეორე ადგილი ერთადერთხელ, 2002 წელს ჰქონდა დაკავებული და თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა.
გუნდმა თასის ნახევარფინალში 2024 წელსაც ითამაშა და მაშინ მე-4 ადგილს დასჯერდა.
ხამაშურიძისა და ლაბაძის ხელმძღვანელობით საქართველოს 7-კაცამ 2022 წლის მსოფლიო სერიის ჩელენჯერის ფინალშიც ითამაშა. ჩვენმა გუნდმა 1/4-ფინალში ჰონკონგს (19:14), ნახევარფინალში კი მასპინძელ ჩილეს (31:14) მოუგო, ოქროს-მატჩში ურუგვაის (5:19) შეხვდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. გუნდმა ჩელენჯერის სერიის შესარჩევი ეტაპი წარმატებით კიდევ ორჯერ გადალახა და მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში 2024 და 2025 წლებშიც ითამაშა.
2022 წელს გუნდს ერთი ნაბიჯი დააკლდა 7-კაცას მსოფლიო თასზე გასასვლელად. გადამწყვეტი თამაში ირლანდიასთან შედგა და მეტოქემ ერთი ლელოთი - 17:12 გაიმარჯვა.
იყო სხვა წარმატებებიც, როგორიცაა ერთხელ დუბაის ტურნირში გამარჯვება და ერთხელ ფინალში გასვლა.
„დიდი მადლობა რაგბის კავშირის ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის. ვფიქრობ, ყველას დავანახეთ, რომ წარმატების მიღწევა 7-კაცაშიც შეგვიძლია. სამწუხაროდ, დასახულ მიზანს - ოლიმპიადაზე და მსოფლიო სერიაზე გასვლას ვერ მივაღწიეთ, თუმცა ახლაც მიგვაჩნია, რომ ამის პოტენციალი გვაქვს და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს 7-კაცას. გვჯერა, საქართველოს 7-კაცა ამ ამოცანას შეასრულებს და ეს თუ ჩვენს გარეშე მოხდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ“ - განაცხადა გია ლაბაძემ.
თავის მხრივ, საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ბესიკ ხამაშურიძესა და გია ლაბაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში. მათი ღვაწლი ქართული რაგბის წინაშე ფასდაუდებელია!
RUGBY.GE