საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა "ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა, სადაც კომენტარი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე გააკეთა.
"როდესაც, ნაკრების პირველი ნომერი მეკარე "ლივერპულთან" აფორმებს კონტრაქტს, ეს საკმაოდ საოცარი და ძალიან პოზიტიური ამბავია - არა მხოლოდ გიორგისთვის, არამედ მთელი ქართული ფეხბურთისთვის. ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის საჭიროა, ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშოს ტოპ ჩემპიონატებში. ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ მაგალითი არ იქნება, არამედ ბევრი ქართველი ფეხბურთელისთვის მიზანი იქნება, რადგან საკუთარი მიზნების მისაღწევად ბევრი იშრომონ."
"მამარდაშვილმა "ვალენსიაში" ძალიან მოკლე დროში დიდ პროგრესს მიაღწია და მისი გადასვლა "ლივერპულში" ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ფსიქოლოგიურად მზად არის გაუმკლავდეს ზეწოლას, რომელიც მასზე იქნება. როდესაც ის საქართველოდან პირდაპირ ესპანეთში გადავიდა, ადაპტაცია ძალიან მალე გაიარა და ვფიქრობ ეს ყოველივე ახალ ეტაპზეც დაეხმარება და ინგლისურ ფეხბურთს ადვილად მოერგება."
"გიორგი არამხოლოდ კლუბში, არამედ ნაკრებშიც გამოირჩევა ლიდერობის თვისებებით, რომელიც "ლივერპულს" დაეხმარება და ბევრ ქულა მოუტანს. ის ძალიან მაღალია, თუმცა ამავდროულად ძალიან სწრაფია. მოგერიებების კუთხით ის მსოფლიოში საუკეთესოა.
ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან გაუმჯობესდა - არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანიც. არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გუნდშიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. ის ახლა აშკარად ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია.
ვიტყვი, რომ ლიდერული თვისებები, რომლებსაც ჩვენთან აჩვენებს, დარწმუნებული ვარ, რომ ის „ლივერპულშიც“ შეძლებს ამის ჩვენებას. მან ასევე იცის, როგორ შემატოს სხვებს თავდაჯერებულობა, რადგან საკმაოდ მშვიდი ადამიანია. მას ძალიან პოზიტიური სიმშვიდე აქვს“, - განაცხადა სანიოლმა.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილის არაოფიციალური დებიუტი "ლივერპულში" "პრესტონთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა, სადაც ქართველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მინდორზე 45 წუთი გაატარა.