ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, რომელშიც სტუმრად „ორდაბასის“ შეხვდებიან, კომენტარი გააკეთა.
პრესკონფერენციაზე ასევე იყო თავდამსხმელი ბიორნ იონსენიც, რომელიც ნებისმიერ შედეგზე თანახმაა, რითაც „ტორპედო“ მომდევნო ეტაპზე გავა.
დირკ შუსტერი: „ყაზახეთში რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედით, რადგან გვსურდა აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და "ორდაბასის" მადლობა გადავუხადო, რომ გუშინ სავარჯიშო მოედანი დაგვითმეს. ხვალინდელი მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ის, რომ აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს, არათუ წნეხი, არამედ დამატებითი მოტივაციაა გუნდისთვის. "ორდაბასის" არაერთი მატჩი ვნახეთ. ჩვენს შემდეგ მათ "ასტანასთან" ითამაშეს, ვნახეთ ის შეხვედრაც. ცხადია, რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენც შევუქმნით პრობლემებს. პირველ მატჩში ხასიათი, მენტალიტეტი გამოვავლინეთ. ხვალაც იგივეს ვგეგმავთ. ცვლილებები შემადგენლობაში იქნება, თუმცა ამაზე დღეს საუბარს არ ვაპირებ.
პირველი თამაშის შემდეგ კარგად მოვემზადეთ, თუმცა ქუთაისში გამართული მატჩის შინაარსით კმაყოფილი არ ვიყავი. დიახ, ბევრი "ორდაბასის" გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ხასიათი გამოვავლინეთ და 2:3-დან დავუბრუნდით. გვიხარია, რომ ოთხი გოლის გატანა შევძელით, რადგან წინა მატჩებში "ორდაბასიმ" ძალიან ცოტა გოლი გაუშვა. საკმარისია გავიხსენოთ "ასტანასთან" თამაში, სადაც "ორდაბასიმ" რიცხობრივი უმცირესობითაც კი გაიმარჯვა. პატივს ვცემთ ჩვენს მეტოქეს, მაგრამ ასევე გვაქვს საკუთარი გეგმა, საკუთარი საფუძველი. გვჯერა, რომ გვაქვს შანსი, გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ "ორდაბასი" ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად".
ბიორნ იონსენი: "დიდი ხანია ამ მატჩს ველით. ვფიქრობ, სათანადოდ მოვემზადეთ და შეხვედრისთვის მზად ვართ. ძალიან ცხელი ამინდია. ქუთაისშიც ცხელა, მაგრამ აქ სუნთქვაც კი გვიჭირს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ყაზახეთში ადრე ჩამოვედით და აკლიმატიზაცია გავიარეთ. რაც შეეხება მატჩის შედეგს, ნებისმიერ შედეგზე თანახმა ვართ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანს. ყველამ იცის, რომ ევროპულ შეჯიბრებებში უმჯობესია პირველი მატჩი სტუმრად ჩავატაროთ, ხოლო საპასუხო მატჩი - სახლში. თუმცა, ახლა სხვა სიტუაციაში ვართ. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ და კარგად მოვემზადეთ. ვიცით, რა ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი. დაცვის მხრივ, პირველ მატჩზე უკეთ უნდა ვითამაშოთ".
შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ პირველი მატჩი შინ ბიორნ იონსენისა და მატეი შიმიჩის დუბლებით 4:3 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.