გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ ლუქსემბურგულ "რასინგთან" კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ისაუბრა.
„პირველი მატჩი ლუქსემბურგში შედეგის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თამაში საუკეთესო არ ყოფილა, მიღწეული შედეგი გვაძლევს საფუძველს, რომ მომავალ ეტაპზე ვიფიქროთ. უნდა ითქვას, რომ მოწინააღმდეგე ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი იყო. აქვთ ნათლად გამოხატული იდენტობა, დიდი სურვილი და მაღალი ინტენსივობა. აშკარად ეტყობათ, რამდენად განვითარდნენ. გოლის გაშვების შემდეგ თამაშის სტილი შევცვალეთ. კმაყოფილი ვარ იმ რეაქციით, რაც გუნდმა აჩვენა რთული მომენტების შემდეგ. ეს იყო ძლიერი პასუხი და სწორედ ეს გვიჩვენებს გუნდურ ხასიათს. შედეგი გვაძლევს კარგ პოზიციას ხვალინდელი თამაშისთვის. დებიუტისთვის, ეს უდავოდ დადებითი ნაბიჯია. საერთო ჯამში, ამას აღვიქვამ როგორც პროგრესს.
თამაშს თავისი სპეციფიკა ჰქონდა. პირველ ტაიმში ოთხი აშკარა მომენტი გვქონდა. როცა ვამბობ აშკარა, ვგულისხმობ სტრუქტურასა და თამაშის სტილს, მაგრამ მეორე ტაიმში შანსები უფრო გამოკვეთილი იყო, რადგან უფრო კარგად ვქმნიდით მომენტებს. ვაკონტროლებდით პროცესს, გვქონდა თამაშის რიტმი, ბურთის ფლობა დაახლოებით 70%-ის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი განსხვავება იყო.
ვფიქრობ, ეს იყო პირველი მატჩი და ზოგიერთ მოთამაშეს ნერვიულობა ეტყობოდა. ჩვენი მომზადება საკმაოდ ინტენსიური იყო, თუმცა, ეს საკითხი გამოცდილებასაც ეხება განსაკუთრებით, როცა მაღალი დონის კონკურენციაში ხარ. ახლა, როცა უკვე აქ ვართ, ვფიქრობ, მალე დავინახავთ მეტ აგრესიულობას ჩვენი გუნდისგან“, - თქვა ლონგომ.
შეგახსენებთ, რომ „დილამ“ პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა გორში, 17 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.