ყაზახური „ორდაბასის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი მარტინმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გუნდი კარგ ფორმაშია, ამიტომაც, თავდაჯერებული და ოპტიმისტურია:
„გულშემატკივრებს ალბათ მოეწონათ “ასტანასთან” ბოლო თამაში. ტრიბუნები მხარს გვიჭერდა - ეს კარგი ნიშანია. ახალწვეულები ხარისხიანები არიან: ორი უკრაინის ჩემპიონატიდან, ერთი რუმინეთიდან და ყველა მათგანი იმ კლუბებიდანაა, რომლებიც ევროტურნირებზე თამაშობდნენ. ამ ბიჭებმა გუნდს კონკურენცია და სტაბილურობა შემატეს. იმედი მაქვს, რომ ისინი სასარგებლო იქნებიან.
„ტორპედოს“ ფანების ხმაური პირველი მატჩის წინ სასტუმროში? ჯობია საგადატს ჰკითხოთ, ხმაურმა შეაწუხა თუ არა (იცინის). პირადად მე არ შემაწუხა. კი, მართლაც იყო ასეთი მომენტი: 10-15 წუთი. ამის შემდეგ წავიდნენ. არ მგონია, ჩვენს ბიჭებს ამაზე დიდი რეაქცია ჰქონოდათ. ყველა პროფესიონალია, იციან, როგორ კონცენტრირდნენ. ვინც არ უნდა გვაწუხებდეს, უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ.
იმნაძის გოლი ქუთაისში? საინტერესო კითხვაა, ზუსტად არც კი ვიცი, როგორ ვუპასუხო. მთელი შემტევი ხაზიდან საუკეთესო თვისებებს ველი. არ აქვს მნიშვნელობა, ლუკა გაიტანს თუ სხვა - მთავარია, გუნდმა გაიტანოს და მოიგოს. ასე აგროვებს გუნდი ქულებს. ვინ გაიტანს, ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ლუკა იქნება თუ მისი რომელიმე თანაგუნდელი, მთავარი შედეგია.
გუნდი კარგ ფორმაშია. ჩვენ რეგულარულად ვთამაშობთ ჩემპიონატის მატჩებს და ახლა ევროთასიც დაგვეწყო. ბიჭები კარგად უმკლავდებიან დატვირთვას, კარგად ვარჯიშობენ და სათანადოდ ახერხებენ ძალების აღდგენას. ამიტომ შეხვედრას ოპტიმიზმით და თავდაჯერებით ველით. ჩვენი მიზანია - გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები და მთელი ქალაქი, ვაჩუქოთ მათ საფეხბურთო დღესასწაული. სწორედ ამიტომ გვაქვს უმაღლესი მიზნები“, - თქვა მარტინმა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ პირველი მატჩი შინ ბიორნ იონსენისა და მატეი შიმიჩის დუბლებით 4:3 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.