„ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „ატალანტას“ ყურადღების ქვეშაა. იტალიურ კლუბს სავარაუდოდ, მატეო რეტეგი და ადემოლა ლუკმენი დატოვებენ, რის გამოც ბერგამოელები ახალ შემტევებს ეძებენ.
მათი ინტერესის ქვეშ ერთ-ერთი გიორგი მიქაუტაძეა, რომლის შესახებ Goal Italia წერს:
"ქართული სიურპრიზი: „ატალანტას“ რადარზე კიდევ ერთი სახელი გიორგი მიქაუტაძეა. „ლიონის“ 24 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა ყველა ტურნირზე 17 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით, ფრანგული კლუბის მიერ 25-დან 30 მილიონ ევრომდე შეფასებულია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა მიქაუტაძემ თავი თანამედროვე, სწრაფ და არაპროგნოზირებად თავდამსხმელად დაიმკვიდრა, რომელსაც შეტევაში სხვადასხვა პოზიციის დაკავება შეუძლია.
მისი მრავალფეროვნება და სხვადასხვა პოზიციის ერთმანეთთან შეთავსების უნარი მას რასპადორისა და ლუკმანის მიმზიდველ ალტერნატივად აქცევს და „ნერაძური“ ყურადღებით აკვირდება“, - წერს Goal Italia.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ქართველმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა, ხოლო 11-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.