იტალიის ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ანდრეა სონჩინის გუნდმა ფავორიტად შერაცხული ნორვეგია მეოთხედფინალში 2:1 დაამარცხა.
იტალიელები პირველივე ტაიმში ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ. 50-ე წუთზე იტალია კრისტიანა ჯირელიმ დააწინაურა. ნორვეგიას მალევე მაგარი შანსი მიეცა, მაგრამ ადა ჰეგერბერგმა პენალტი კარს ააცილა.
ჰეგერბერგმა 66-ე წუთზე შეცდომა გამოასწორა, მეკარეს დაასწრო და ახლო მანძილიდან გაათანაბრა. თამაში დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლო წუთზე ჯირელიმ დუბლი შეასრულა. „იუვენტუსის“ ლიდერმა თავით დალაშქრა მეტოქის კარი.
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 28-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა, სადაც შვედეთს ან ინგლისს შეხვდება.
ნორვეგია - იტალია 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 ჯირელი (50), 1:1 ჰეგერბერგი (66), 1:2 ჯირელი (90)