„მანჩესტერ სიტი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ პსჟ-ს მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას გადაბირებით ინტერესდებიან. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2026 წელს იწურება შეთანხმება არ არსებობს. იტალიელის ხელფასი ამჟამად სეზონში 12 მილიონი ევროა, პარიზელებმა კი, ხელშეკრულების განახლება უფრო დაბალი ხელფასით შესთავაზეს. რის გამოც, მოლაპარაკებები გართულებულია.
მეორე მხრივ, პსჟ-ს არ სურს გაისად მისი უფასოდ დაკარგვა, ამიტომ, თუ კონტრაქტის განახლებაზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ფრანგულმა კლუბმა შეიძლება მიმდინარე ზაფხულს ჯიჯოს გაყიდვა სცადოს.
ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე 161 მატჩში მიიღო მონაწილეობა.