ფეხბურთი

9:30 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" მწვრთნელი: "ჩემი გუნდი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორსაა"

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ლონგომ „რასინგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა:

„თამაში რომ შევაფასოთ, ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდი თავის შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორსაა. იყო ხარვეზები რომელიც „რიგასთან" მატჩისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, ერთი შეხედვით, როდესაც მეკარე გააძევეს ამას მეტოქის ამოცანები უნდა გაერთულებინა, თუმცა მათ ამის შემდეგ თამაში კიდევ უფრო ჩაკეტილი და დაცვაზე ორიენტირებული გახადეს, რამაც გარკვეული ამოცანების შესრულება შედარებით გაგვირთულა.

როდესაც ამ გუნდში მოვედი გუნდში რადიკალური ცვლილებები არ მომითხოვია, რადგან მე ამ ბიჭებში ვხედავდი პოტენციალს, ის მონდომება, რაც ამ გუნდისგან ჩანს, მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ჩვენ კიდევ ბევრი შეგვიძლია.

რაც შეეხება მომდევნო მეტოქე - „რიგას“, მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ამ გუნდს უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ვსწავლობთ. ვუყურე მათ ბოლო მატჩებს და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი, დაბალანსებული გუნდია, რომელიც შეიძლება ჩვენს ახლანდელ მეტოქეზე ძლიერია, თუმცა არა იმდენად, რომ წყვილში ფავორიტად დავასახელო, ვფიქრობ, შანსები 50/50 ზე იქნება.

შოთა შეყილაძე ძალიან მაღალი დონის ფორვარდი და მეორე ფორვარდის პოზიციების მოთამაშეა, მისი გამოყენება შემიძლია ასევე ფლანგზეც, ის, რომ მან შეიძლება რამდენიმე თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხოს, დიდად არაფერს ცვლის, რადგან მოედანზე ძალიან აქტიურია, რითაც გუნდს დიდ სამსახურს უწევს.

პედრო მენდეშის ტრავმას რაც შეეხება, მე ამაზე დაზუსტებით ვერ გეტყვით ეს სამედიცინო ჯგუფის პრეროგატივაა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იგი რეაბილიტაციის კურსს პორტუგალიაში გადიოდა და ვიმედოვნებ, რომ ხვალ უკვე გუნდთან ერთად იქნება, იგი მოედანზეც და მის გარეთაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პერსონაა და მისი გამოცდილება მომდევნო მატჩში ძალიან წაგვადგება.

რაც შეეხება გრიგოლ ჩაბრაძეს, ის მოკლე ხანში ძალიან დიდ ძალად იქცა ჩვენი გუნდისთვის, გრიგოლს აქვს საერთაშორისო მატჩების გამოცდილება, ეროვნული ნაკრების წევრობიდან გამომდინარე. მის მოსვლამდე გუნდში ამ პოზიციაზე თედო კიკაბიძე დამხვდა, რომელიც გრიგოლს ჯანსაღ კონკურენციას უწევს და ასევე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, ამიტომაც მაქვს ფუფუნება მათ შორის არჩევანი გავაკეთო ამა თუ იმ მატჩში“, - თქვა ლონგომ.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიურ „რიგას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.1751
სარეკლამო ადგილი - 99
X x X