„მეცში“ მედიის წინაშე გიორგი წიტაიშვილი წარადგინეს. ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა გიორგი მიქაუტაძემ იქონია, რომელთანაც საუბარი ჰქონდა. წიტაიშვილი "მეცში" 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„როდესაც გავიგე, რომ „მეცი“ იყო დაინტერესებული, მიქაუტაძეს დავურეკე და მან მხოლოდ დადებითი მითხრა ქალაქზე, კლუბსა და პერსონალზე, ამიტომ სწრაფად გადავწყვიტე აქ გადმოსვლა. ამან გავლენა მოახდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე. რეგულარულად ვესაუბრები ჟორჟს და ხვიჩას (კვარაცხელია) და მათ მითხრეს, რომ ჩემპიონატის დონე კარგია, რომ კლუბის დონე კარგი იყო და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კლუბში მოხვედრა, რომელსაც პროექტი აქვს.
გულწრფელად გეტყვით, ჯერჯერობით მხოლოდ საწვრთნელი ბაზა და სასტუმრო ვნახე (იცინის - რედ). ქალაქი ჯერ არ მინახავს. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ სამწვრთნელო შტაბით, მათი მუშაობის სტილით, გასახდელში გარემოთი და ფეხბურთელებს შორის თითქმის ოჯახური კავშირით. ჩემთვის აქ ყოფნა და ჯგუფის ნაწილად ყოფნა სიამოვნებაა. ყველაფერია, რომ თავი კარგად ვიგრძნო. ერთი სული მაქვს სეზონი დაიწყოს და საფრანგეთის ჩემპიონატი გავიცნო, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს ძალიან უყვართ.
ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მიქაუტაძისთვის ეს კლუბი და ასევე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის კლუბისთვის. როდესაც კლუბი ბევრს აძლევს ფეხბურთელს, ფეხბურთელს შეუძლია მომავალშიც ასე თუ ისე, მას რაღაც დაუბრუნოს“, - თქვა გიორგიმ.
შეგახსენებთ, „მეცი“ ლიგა 1-ში დაბრუნდა, ასე რომ, მომდევნო სეზონს ელიტაში გაატარებს. შესაბამისად, წიტაიშვილისთვის ეს დიდი გამოწვევაა. „მეცი“ ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ამ გუნდში გიორგი მიქაუტაძე წარმატებით თამაშობდა.
გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი ესპანურ „გრანადაში“ გაატარა, რომლის მაისურით ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. თუმცა, ესპანურმა კლუბმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. 24 წლის გიორგი წიტაიშვილს აქამდე არაერთ გუნდში უთამაშია: „გრანადაში“, „დინამო ბათუმში“, „ლეხში“, კრაკოვის „ვისლაში“, „ჩერნომორეცში“, „ვორსკლასა“ და „დინამო კიევში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 25 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.