ფეხბურთი

19:15 | 18.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" დირექტორი: "წიტაიშვილის დამატება შარშანაც გვინდოდა, საქართველოს ნაკრების მატჩებს ვუყურებთ"

„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ არპინონმა გიორგი წიტაიშვილის შესახებ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მან ქართველი ფეხბურთელი კარგად დაახასიათა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების თამაშებს „მეცის“ მენეჯერები უყურებენ.

„გასულ სეზონში ვცადეთ მისი შეძენა, მაგრამ რთული იყო, ახლა ისევ მოგვეცა შესაძლებლობა, რომელიც სწრაფად გამოვიყენეთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელისთვის [სტეფან ლე მინიანი] მნიშვნელოვან პოზიციაზე თამაშობს - მარჯვენა ფლანგზე მარცხენა ფეხით, დაახლოებით ისე, როგორც აბლი ჯალოუ თამაშობდა. ის ტექნიკური ფეხბურთელია, ამასთანავე ეფექტიანი, რადგან „გრანადაში“ 7 გოლი გაიტანა და საკმაოდ ბევრი საგოლე პასიც გააკეთა.

საქართველოს ნაკრების თამაშებს ვუყურებთ, რადგან ჩვენნაირი მენტალიტეტი აქვს. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ჟორჟი იქ თამაშობს, ჩვენც უფრო მეტი ყურადღებით ვაკვირდებოდით საქართველოს ნაკრებს. წიტას თამაში ვნახეთ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ჟორჟს დიდი გავლენა ჰქონდა, რომ წიტაიშვილი ჩვენთან გადმოვიდა, რადგან ბევრი კლუბისგან ჰქონდა შეთავაზება. თუმცა, ეს ასევე, ადასტურებს, თუ როგორ კარგად ითანამშრომლა „მეცმა“ მიქაუტაძესთან“, - თქვა არპინონმა.

შეგახსენებთ, „მეცი“ ლიგა 1-ში დაბრუნდა, ასე რომ, მომდევნო სეზონს ელიტაში გაატარებს. შესაბამისად, წიტაიშვილისთვის ეს დიდი გამოწვევაა. „მეცი“ ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ ამ გუნდში გიორგი მიქაუტაძე წარმატებით თამაშობდა.

გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი ესპანურ „გრანადაში“ გაატარა, რომლის მაისურით ლა ლიგა 2-ში ჩატარებულ 36 მატჩში 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. თუმცა, ესპანურმა კლუბმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. 24 წლის გიორგი წიტაიშვილს აქამდე არაერთ გუნდში უთამაშია: „გრანადაში“, „დინამო ბათუმში“, „ლეხში“, კრაკოვის „ვისლაში“, „ჩერნომორეცში“, „ვორსკლასა“ და „დინამო კიევში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 25 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

0.093003
სარეკლამო ადგილი - 99
X x X