გერმანიამ უეფას ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ბოლო 12 მონაწილეობიდან მე-11 ნახევარფინალს მიაღწია, როდესაც საფრანგეთთან 1:1 ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ 105 წუთზე მეტი 10 ფეხბურთელით ითამაშა.
ეს გუნდები ევრო 2022-ის ნახევარფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც რვაგზის ჩემპიონმა გერმანიამ გაიმარჯვა. თუმცა, ამჯერად, რთულ D ჯგუფში სამი მოგების შემდეგ, ფავორიტად საფრანგეთი უფრო მოჩანდა. გერმანიამაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორე რაუნდის შემდეგ პლეი-ოფში ადგილი მოიპოვა, თუმცა C ჯგუფის ბოლო მატჩში შვედეთთან გამანადგურებელი მარცხი (1:4) გერმანელებისთვის მტკივნეული დარტყმა გამოდგა.
საკუთრივ მატჩი გერმანელებისთვის ცუდად დაიწყო. მე-11 წუთზე კატრინ ჰენდრიხმა, რომელიც პირველად იყო გერმანელების სასტარტო შემადგენლობაში ან ტურნირზე, საკუთარ საჯარიმოში თმებზე მოქაჩა მეტოქეთა კაპიტან გრიჯ მ’ბოკ ბატის. არბიტრმა კი ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა გერმანელთა კარში, ჰენდრიხი კი მოედნიდან გააძევა. პენალტი ზუსტად შეასრულა გრეის გეიორომ.
გერმანელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ხასიათი გმოავლინეს და რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, ანგარიში გაათანაბრეს. ეს 25-ე წუთზე „ჩელსის“ ნახევარმცველმა შეკე ნიუსკენმა მოახერხა მოხდენილი თავურით შორეულ კუთხეში. სხვათა შორის, მერე ნიუსკენსმა თამაშისას პენალტი ვერ გაიტანა, მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანებისას კი გადამწყვეტი პენალტი შეაგდო.
პირველ ტაიმში იყო კიდევ ერთი გამოსარჩევი ეპიზოდი, როცა ფრანგების მრავალსვლიანი კომბინაცია დელფინ კასკარინომ დააგვირგვინა ეფექტური ქუსლურით, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით გააუქმა გოლი.
იგივე ბედი ეწია 57-ე წუთზე გატანილ ფრანგთა კიდევ ერთ გოლს, რომელიც იმავე გეიერომ გაიტანა. ამჯერად ოფსაიდში ფრანგთა ცენტრალური მცველი მაელ ლიაკრარი აღმოჩნდა.
ფრანგთა უპირატესობა ნელ-ნელა თვალსაჩინო გხდა, თუმცა... პენალტი საკუთარ კარში მიიღეს, რომელიც იმავე ნიუსკენმა ვერ გაიტანა, ფრანგთა მეკარე პოლინ პეირო-მანიენმა აუღო.
103-ე წუთზე გერმანელთა კაპიტანმა იანინა მინგემ უხეიროდ ჩაჭრა ბურთი საკუთარი კარისკენ და მეკარე ან-კატრინ ბერგერმა საოცარი რეაქცია გამოავლინა, როგორ მისწვდა უხერხული ტრაექტორიით მოძრავ ბურთს მართლაც გამოუცნობია. ის მატჩის გმირიც და საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მან თავადაც გაიტანა თერთმეტმეტრიანი და ერთი პენალტიც მოიგერია.
ამრიგად გერმანია ნახევარფინალში გავიდა, სადაც 23 ივლისს ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ერთი დღით ადრე კი პირველ ნახევარფინალში ინგლისი იტალიას დაუპირისპირდება.
ქალთა ევრო 2025
19 ივლისი. მეოთხედფინალი
საფრანგეთი - გერმანია 1:1 (პენ 5:6)
1:0 გეიორო (14, პენ), ნიუსკენი (25)