"ბრატისლავის სლოვანი" რომლის ღირსებასაც გურამ კაშია იცავს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს, სადაც მათი მეტოქე ბოსნიური "ზრინსკი" იქნება. მატჩამდე სლოვაკური კლუბის ვებგვერდი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს გურამ კაშიას ესაუბრა.
"მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ დამღლელი იყო, ბევრი ძალისხმევა და შრომა ჩავდეთ და ვფიქრობ მაქსიმალურად მზად ვართ ახალი სეზონის დასაწყებად. ჩვენ ვაფასებთ, რომ გულშემატკივრები მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით არიან, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. სამშაბათს ფინალის მსგავსად უნდა მოვემზადოთ და მოგების გარდა სხვა შედეგი არ განიხილება. გვინდა, კიდევ ერთი კარგი ევროპული მოგზაურობა დავიწყოთ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.
მე მიყვარს ფეხბურთი. სწორედ ამიტომ მიხარია, რომ სლოვანში თამაშს ვაგრძელებ. ვიცი, რომ ეს შეიძლება ჩემი ბოლო წელი იყოს და კლუბის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვიცი, რას ელიან ჩემგან, როგორც ფეხბურთელისგან და გუნდის ერთ-ერთი ლიდერისგან. წელს ალბათ დაკავებული ვიქნები, მოუთმენლად ველი ჩემი ამოცანების შესრულებას. მინდა, წელს ყველაფერი გავაკეთო, კიდევ ერთხელ გავიმარჯვო და ტიტული მოვიგო“ - განაცხადა გურამ კაშიამ.
ცნობისთვის, გურამ კაშია "სლოვანის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მან სლოვაკურ კლუბთან ერთად გასულ სეზონში კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ "სლოვანისა" და "ზრინსკის" პირველი მატჩი 22 ივლისს სლოვაკეთში გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა ბოსნიაში 29 ივლისს არის დაგეგმილი.