„ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ მატჩების ჩატარებას 2026 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს. მოვლენების ასეთი განვითარების ალბათობაზე გამოცემა AS იუწყება. „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ სტადიონი ჯერ კიდევ გამოსაყენებლად მზად არ არის, რის გამოც კატალონიის დედაქალაქის გუნდი ჟოან გამპერის თასს არ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ ისაუბრა საშინაო არენაზე დაბრუნების ვადებზე, რის შემდეგაც ეს ღონისძიება გადაიდო. ადრე, კატალონიელთა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ გუნდი სეზონის სტარტს საკუთარ სტადიონზე არ ჩაატარებს, არამედ შემოდგომიდან იქ ითამაშებს 60 ათასი მაყურებლის ტევადობის ლიმიტით. ახლა გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან.