დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც ასპარეზობა კარგად დაიწყო გურამ კაშიას "სლოვანმა".
ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა გუნდა საკუთარ მოედანზე ბოსნიური "ზრინსკის" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. გურამ კაშიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა. "სლოვანის" მხრიდან გოლების გატანა: ტიგრან ბარსაგიანმა, დავიდ შტრელციმ , მარკო ტოლიჩმა და მიკოლა კუხარევიჩმა მოახერხეს. ამრიგად, გურამ კაშიას გუნდმა შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, სადაც მათი მეტოქე ფინურ კუპსსა და ყაზახური კაირატის წყვილში გამარჯვებული იქნება. მათი პირველი მატჩი ფინელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა "მალმიომ" ლაშა ოდიშარიას რფს-ი სტუმრად 4:1 აჯობა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება თითქმის გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს დღევანდელ მატჩში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია, მთავარმა მწვრთნელმა ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ "იბერია" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ "მალმიომ" გამოთიშა, ორი მატჩის ჯამში შვედებმა 6:2 იმარჯვეს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები 29 ივლისს გაიმართება.