საქართველოს ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ჩრდილოეთი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი მოიპოვა: ძიუდოისტი საბა ბოლქვაძე - 50კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საბამ მეოთხედფინალში დასანანი მარცხი განიცადა ესპანელ მექტოქესთან, შემდეგ უკრაინელ მეტოქეს სძლია. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი იპონით დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა - 55კგ წონით კატეგორიაში ალექსი გულუამ. სამწუხაროდ სულ ცოტა დააკლდა მედლამდე, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში შვეიცარიელ მეტოქესთან დამარცხდა. მანამდე ალექსი გულუამ თურქ და ისრაელელ მოწინააღმდეგეებს სძლია, მეოთხედფინალში ხორვატ მეტოქესთან წააგო, დამამშვიდებელ წრეში კი საბერძნეთის და სომხეთის წარმომადგენლები დაამარცხა.
მაგიდის ჩოგბურთელებმა კი დღეს ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრები გამართეს. ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა ერთი თამაში გამართა და ისლანდიელ მეტოქეს აჯობა - 3:0 (11:7, 11:7, 13:11). ხვალ მას ორი თამაში ელის, დილით პოლონეთის, შუადღით კი ლიეტუვას წარმომადგენელთან.
ორ მეტოქეს დაუპირისპირდა მარიამ გორგაძე: ისრაელის გუნდის წევრთან 0:3 დამარცხდა (10:12, 3:11, 7:11), რამდენიმე საათში კი კოსოვოელ მეტოქეს 3:0 სძლია (11:3, 11:3, 11:0). ხვალ მარიამის მეტოქე უნგრეთის წარმომადგენელი იქნება.
10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ინდივიდუალურ ტურნირში იასპარეზეს სანდრო ხოსიტაშვილმა და ლიზი აღნიაშვილმა
ხოსიტაშვილმა 375 ქულით 28 მონაწილეს შორის მე-12 ადგილი დაიკავა, აღნიაშვილი 363 ქულით მე-20 ადგილზე გავიდა.
სკოპიეს ოლიმპიურ აუზში ჩვენი გუნდიდან დღეს მხოლოდ სალი შჩერბაევამ იასპარეზა. მან 400 მეტრი თავისუფალი სტილით 4:46.37 წუთში დაფარა, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელად ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა.
ინდივიდუალური ასპარეზობა დაასრულეს ბადმინტონის ნაკრების წევრებმა დანიელ ვაგარშაკიანმა და ქეთევან წამალაიძემ. სამწუხაროდ, მათ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს. ვაგარშაკიანმა დღეს ორი მატჩი გამართა: პირველად ორ სეტში, 6:21, 6:21 დამარცხდა ნიდერლანდების წარმომადგენელთან, ჯგუფის უკანასკნელ დაპირისპირებაში კი სომეხთის წარმომადგენელს სძლია - 2:1 (18:21, 21:16, 21:18) და ჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულა.