ფეხბურთი

20:25 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" მწვრთნელი: "იმედი მაქვს, კარგი თამაშით მათ გაოცებას შევძლებთ"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ომონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

„ბედნიერები ვართ, რომ „ორდაბასი“ გამოვრიცხეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გუნდმა ყაზახეთის გუნდი გამოთიშა (სინამდვილეში მეორე, პირველი იყო „რუსთავი“ 2011 წელს - რედ). ეს კარგი შედეგი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კარგ ფორმაში ვართ.

ვეცდებით, ხვალ საუკეთესო ფორმაში ვიყოთ და თითოეულმა მოთამაშემ 100%-ით დავიხარჯოს, რათა კარგი შედეგი მივიღოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია „ომონიასთვის“ გამარჯვება ხვალინდელ თამაშში. წუთების გასვლასთან ერთად თუ მეტოქე გოლს ვერ გაიტანს, ჩვენ უფრო მეტი თავდაჯერებულობა გვექნება.

ვიცით, რომ „ომონიას“ ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, როგორებიც არიან კულიბალი და ცენტრალური თავდამსხმელი. მწვრთნელიც ძალიან კარგია და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან კარგ გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჩვენი კარგი ფიზიკური კონდიციითა და კარგი თამაშით მათ გაოცებას შევძლებთ.

„ორდაბასისთან“ გასული ორი ურთულესი მატჩის შემდეგ გუნდი მეტად გაიზარდა. ვიცით, რომ წინ მძიმე მატჩები გველის, შესაძლოა კვიპროსის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ვნახეთ მეტოქე გუნდის ბოლო მატჩები და კარგად შევისწავლეთ ის. ხვალ ომონია სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებს და ცხადია, ყველას გამარჯვება სურს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ყველაფერი ორმატჩიან დაპირისპირებაში გადაწყდება. ვეცდებით ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ“, - თქვა შუსტერმა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა „ტორპედოს“ თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა:

„წინა ეტაპზე მეტოქის საშინაო მოედანზე კარგი მენტალიტეტი გამოვავლინეთ და კარგი თამაში გვქონდა, რამაც მომდევნო ეტაპის საგზური ეტაპი მოგვიტანა. ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ. იგივე მენტალიტეტის და იგივე თამაშის ჩვენებით, კარგი შედეგის კარგი შანსი გვექნება“.

აქვე გეტყვით, რომ „ტორპედო“ „ომონიასთან“ რევანშს ეცდება, რადგან ერთი წლის წინ სწორედ კვიპროსულ გუნდთან დამარცხდა. ხვალინდელი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

0.093643