ფეხბურთი

22:24 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიას" მარცხი ესტონეთში

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგიდან კონფერენს ლიგაზე გადავიდა, რომლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და დამარცხდა.

ლევან კორღალიძის გუნდი ტალინში „ლევადიას“ ესტუმრა, თუმცა ვერაფერი გააწყო. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, ძალიან დაბალ ტემპში მიმდინარეობდა თამაში და ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებისგან შორს არიან.

„იბერიას“ ჰქონდა კარგი მომენტები, მაგალითად, პირველ ტაიმში ლუკა სილაგაძემ მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა. მეორე ნახევარშიც იყო რამდენიმე კარგი იერიში. თბილისელებმა გოლიც გაიტანეს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. თუმცა, მსაჯის შეცდომა იყო, ოფსაიდი არ ყოფილა. ვინაიდან, VAR-ი არ იყო, მსაჯის შეცდომა გამოუსწორებელი დარჩა.

გამოუსწორებელი დარჩა გიორგი მაკარიძის შეცდომაც. გამოცდილმა მეკარემ 81-ე წუთზე ერნეს აგირის დარტყმის შემდეგ ვერ მოახერხა ბურთის ხელში შემაგრება და მახვილი კუთხიდან გაუშვა. ამ გოლმა პირველი მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ჯერ არაფერი გარკვეულა, საპასუხო მატჩი ერთ კვირაში თბილისში შედგება, მაგრამ საკმაოდ სუსტ „ლევადიასთან“ მარცხი ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს. „იბერია“ ცუდად გამოდის ევროთასებზე მიმდინარე სეზონში: სამი მატჩი და სამი წაგება...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.102133