ტალინის „ლევადიას“ მთავარმა მწვრთნელმა კურო ტორესმა, რომელიც თავის დროზე წლების განმავლობაში „ვალენსიაში“ თამაშობდა, „იბერიასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა.
„პირველი ტაიმი არ მომეწონა. მარტივი შეცდომები დაუშვებელია, კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ და უკეთ ვითამაშოთ. მეორე ტაიმში უკეთ და უფრო თავდაჯერებულად ვითამაშეთ, ზოგიერთმა მოთამაშემ წინ გადადგა ნაბიჯი. ამ შედეგით ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მეტოქე ძლიერია და ძალიან რთული 90 წუთი გველის.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტი გამოცდილება სჭირდებათ, მათ განვითარებისთვის მეტი ასეთი თამაში სჭირდებათ. ჩვენ ფეხბურთელებს ვუჭერთ მხარს, შეცდომებზე ვსწავლობთ, ეს ფეხბურთის ნაწილია.
შედეგი იდეალური არ არის, მაგრამ მაინც ძალიან კარგია. ახლა რთული მოგზაურობისთვის მოსამზადებლად აღდგენა გვჭირდება. თუ შემდეგ რაუნდში თამაში გვინდა, 90 წუთის განმავლობაში ცოტა უკეთ უნდა ვითამაშოთ.
ამ გუნდს გამოცდილება აქვს და პროვოკაცია ფეხბურთის ნაწილია, მაგრამ დღეს მსაჯობა არ მომეწონა, ბოდიში. ყველას შეუძლია შეცდომების დაშვება, მაგრამ ბევრი შეცდომის გამო დაგვსაჯეს“, - თქვა ტორესმა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი თბილისში 29 ივლისს გაიმართება.