„ბარსელონას“ ახალწვეულმა მარკუს რაშფორდმა „ბლაუგრანას“ გარემარბ ლამინ იამალზე ისაუბრა. რაშფორდის თქმით, ესპანელი 2024/2025 წლების სეზონში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.
„ის ძალიან ნიჭიერია. ჩემი აზრით, ლამინი გასულ სეზონში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, თუ არა ყველაზე საუკეთესო. ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი მათთან ერთად თამაშს. შესაძლოა, მე დავეხმარო მათ და ისინიც, ალბათ, დამეხმარებიან. საინტერესო უნდა იყოს“, - ციტირებს რაშფორდის სიტყვებს Goal.
მარკუს რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აკადემიის აღზრდილია, გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ასტონ ვილაში“ ითამაშა. სეზონის 41 მატჩში ფეხბურთელმა 11 ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, 2016 წლიდან მარკუს რაშფორდი ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.