„ნიურნბერგის“ ვებგვერდზე ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.
„წარსულში ხშირად ყოფილან ქართველი ფეხბურთელები პირველ და მეორე ბუნდესლიგაში. კარიერა „დინამო თბილისის“ აკადემიაში დავიწყე, რომელიც საქართველოში საუკეთესოა, მაგრამ თუ გსურთ, რომ შემდეგი ნაბიჯი გადადგათ, როგორც ქართველმა ფეხბურთელმა, უკეთ განვითარებისთვის საქართველოს ჩემპიონატიდან უნდა წახვიდე.
მინდოდა ახალი გამოწვევა ახალ ქვეყანაში. როდესაც ამ კლუბის პროექტი დირექტორმა და მწვრთნელმა წარმიდგინეს, მაშინვე დავთანხმდი.
იტალიური ფეხბურთი ძალიან ტაქტიკურია. ყველაფერი დეტალებზეა დამოკიდებული. აქ უფრო ინტენსიურ ფეხბურთს ველოდები და ვფიქრობ, კლოზეს სათამაშო ფილოსოფია ჩემთვის შესაფერისია. გერმანული და იტალიური მენტალიტეტები აშკარად განსხვავებულია. მანამდე სამი წელი ავსტრიაში ვთამაშობდი, რომელიც გერმანიას ჰგავს.
ფეხბურთელის გადარჩენა? მე ექიმი არ ვარ, ამიტომ ნამდვილად სწორად არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, ეს ჩემი ინსტინქტი იყო, დაუყოვნებლივ დავხმარებოდი.
საწვრთნელი შეკრება ყველას უკეთ გასაცნობად გამოვიყენე. ეს ახალგაზრდა გუნდია, რაც კომუნიკაციას აადვილებს. ჯერჯერობით, ნეგატიურს ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე აგრესიული მოთამაშე ვარ, მომწონს კონტაქტური თამაში. ცენტრალური მცველი ვარ, რომელსაც ბურთის ფლობა და თამაშის გახსნა მოსწონს“, - თქვა ლოჩოშვილმა.
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 63 მატჩში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „სალერნიტანაში“ გაატარა, სადაც 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 27 წლის მცველს "დინამო თბილისში", "ჟილინასა" და "ვოლფსბგერშიც" აქვს ნათამაშები. საქართველოს ნაკრებში ლუკას აქტივში 23 მატჩი და 2 გოლია.
„ნიურნბერგი“ დიდი ისტორიის მქონე გერმანული კლუბია და გერმანიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, მაგრამ ბოლო დროს კრიზისი აქვს და II ბუნდესლიგაში გამოდის, სადაც გასულ სეზონში მეათე ადგილი დაიკავა. გერმანული გუნდი სეზონს 2 აგვისტოს, "ელვერსბერგთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, რომელსაც II ბუნდესლიგის პირველ ტურში შეხვდება.