ფეხბურთი

0:42 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სპაერმა" ვენის "აუსტრიასთან" იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს თასის გამარჯვებული თბილისის „სპაერი“ ვენის „აუსტრიასთან“ 0:2 დამარცხდა.

2017 წელს დაარსებულ კლუბს ევროტურნირებზე დებიუტი ჰქონდა და გამოცდილ მეტოქესთან აშკარა აუტსაიდერი იყო. შესაბამისად, შედეგშიც გასაკვირი არაფერია, უფრო დიდ სხვაობასაც ვარაუდობდნენ.

თუმცა, „სპაერმა“ იბრძოლა, გააკეთა ის, რაც ამ შემთხვევაში შეეძლო. „აუსტრია“ მერვე წუთზე მანფრედ ფიშერის გოლით დაწინაურდა. შემდეგ „სპაერი“ ორჯერ ხარიხამ იხსნა, რამდენჯერმე მეკარემ, ბუხუტი ფუტკარაძემ. ანზორ კიღურაძის გუნდს უჭირდა საგოლე მომენტების შექმნა და უმეტესად თავის დაცვაზე ფიქრობდა, რაც მეტ-ნაკლებად მოახერხა.

„სპაერი“ ძალიან ახლოს იყო, რომ ვენაში მხოლოდ მინიმალური სხვაობით დამარცხებულიყო, მაგრამ ბოლო წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც დომინიკ ფიტცმა გოლად აქცია და სხვაობა გააორმაგა.

საპასუხო მატჩი 31 ივლისს, თბილისში შედგება. გვინდა, ვიფიქროთ, რომ დასრულებული არაფერია, ანგარიშიც ამას ამბობს, მაგრამ გუნდების კლასსა და გამოცდილების შორის დიდი სხვაობაა. ამიტომაც, „აუსტრია“ გამოკვეთილი ფავორიტია.

„აუსტრია“ – „სპაერი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ფიშერი (8), 2:0 ფიტცი (90, პენ)

0.097222