იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ფეხბურთმა მისი ცხოვრება დაანგრია:
„ფეხბურთმა ცხოვრება დამინგრია. მე ფეხბურთი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები გავწირე.
იტალიის ნაკრებში ასეთი ფეხბურთელი მაკლდა, რომელიც ხაზებს შორის ითამაშებდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, კიეზას გამოვიძახებდი. ნორვეგიასთან მარცხს ვერასდროს დავივიწყებ. ღამით მაღვიძებს, ყოველთვის ამ თამაშზე ვფიქრობ. ხანდახან მგონია, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ ერთ წამში ისევ მახსენდება ეს თამაში.
იტალიის ნაკრებში მუშაობა შეცდომა არ იყო, რადგან ეს არის სამსახური, რომელიც უნდა მიიღო. შენ არ ირჩევ დათანხმდე თუ არა, არ არსებობს რაციონალური აზროვნების საფუძველი. როდესაც ეროვნულ ნაკრებში გეძახიან, სრულიად ხელმისაწვდომი უნდა იყო.
ნაკრებში შეცდომა თავიდანვე დავუშვი, როცა ყურადღება იდენტობაზე გავამახვილე. ფეხბურთელებს ყოველი ვარჯიშის წინ შეძახილებს ვთხოვდი, მინდოდა, მათში სიამაყე გამეღვიძებინა, მაგრამ ეს მეტისმეტი იყო.
„ნაპოლიდან“ წასვლა? ჩემი გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ დე ლაურენტისი მიხვდა, რომ გამარჯვებისთვის შესანიშნავი მწვრთნელი სჭირდებოდა და რომ, ყველაფერი მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული. ყველაზე დიდი უპატივცემულობა რაც მივიღე, ის იყო, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ ღია ავტობუსით ქალაქში აღლუმის უფლება არ მოგვცეს. ეს ყველაზე მეტად მაკლია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წელს „ნაპოლის“ ეს აღლუმი ჰქონდა. ფეხბურთელებს ვიდეოს გამოგზავნა ვთხოვე, რათა წარმოდგენა მაინც შემექმნა, თუ როგორ გამოიყურებოდა იქიდან ხალხი“, - თქვა სპალეტიმ.