სხვა

20:43 | 25.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ ფესტივალზე გამეზარდაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, მუმლაძე ბრინჯაოსი

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა გუნდმა კიდევ 2 მედალი მოიპოვა ამჯერადაც ძიუდოში - ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ.)

ვერცხლის, გიორგი მუმლაძემ (-81 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აღნიშნული ფესტივალის წინა საშეჯიბრო დღეებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა საბა ბოლქვაძემ (-50 კგ.) და ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-66 კგ.)

-73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ვასილ გამეზარდაშვილმა მერვედფინალიდან დაიწყო ფინალისკენ სვლა და ზედიზედ სძლია კვიპროსელ ნიდერლანდელ და აზერბაიჯანელ მეტოქეებს, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში გამეზარდაშვილის მეტოქე სერბი იყო. ფინალის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.

დღეს იასპარეზა საქართველოს დელეგაციის მედროშემ, გიორგი მუმლაძემ (-81კგ), რომელიც ერთი თვის წინ ამავე დარბაზში ევროპის ჩემპიონი გახდა.

მუმლაძემაც მერვედფინალიდან დაიწყო ასპარეზობა, სადაც აზერბაიჯანელ, შემდეგ შვეიცარიელი მოწინააღმდეგეებს სძლია, ნახევარფინალში კი უკრაინელ მეტოქესთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ადვილად დაამარცხა სლოვენიელი მოწინააღმდეგე.

დღეს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, ნანა გულბიანი, თუმცა ის -63კგ წონითი კატეგორიის ტურნირის პირველივე შეხვედრაში სლოვენიის წარმომადგენელთან დამარცხდა.

დღეს იასპარეზა მძლეოსანმა მათე მეჯიდოვმა, ტოდორ პროესკის სახელობის ეროვნული სტადიონი მძლეოსანთა შეჯიბრებებს მასპინძლობს და მათეც სამმხტომელთა შორის ვიხილეთ. მისი საუკეთესო შედეგი 13 მეტრი იყო, რაც მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დღეს ოლიმპიურ ფესტივალზე ტაეკვონდოს ტურნირში სამმა ქართველმა იასპარეზა, ვაჟთა შორის 55კგ წონით კატეგორიაში თეიმურაზ უკლებამ პირველი წრის შეხვედრა შვედ მეტოქესთან 2:0 მოიგო, მერვედფინალში კი ამავე ანგარიშით დამარცხდა ესპანეთის წარმომადგენელთან, 63კგ წონაში საბა ბეგიაშვილმა იბრძოლა. პირველ მეტოქეს მანაც სძლია, 2:1 აჯობა ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელს, შემდეგ კი სომეხეთის წარმომადგენელთან დამარცხდა 0:2, რაც შეეხება ანასტასია გურეშიძეს (55კგ), მან პირველივე ორთაბრძოლა დათმო - 0:2 ხორვატ მეტოქესთან.

ველოსპორტსმენებმა ,,სკოპიე 2025" დღეს დაასრულეს კუმანოვოში საგზატკეცილო რბოლით. სტარტზე 99 სპორტსმენი გავიდა. ქართველი ველოსპორტსმენების შედეგი ასეთია: ლუკა მაზმიშვილი - 50-ე ადგილი, მათე ფირანიშვილი - 66-ე, ზურა კილაძე - 68-ე.

,,სკოპიე 25" - ზე ასპარეზობა დაასრულეს მაგიდის ჩოგბურთელებმა და ბადმინტონისტებმა.

25 ივლისს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებენ : ძიუდოისტები - ნინი ძაგანია (-70 კგ.), ბარბარე გელაშვილი (+70 კგ.), გიორგი ზურაბიშვილი (-90 კგ.), იოანე აბალაკი (+90 კგ.), ტყვიის მსროლელები-სანდრო ხოსიტაშვილი და ლიზი აღნიაშვილი , ტაეკვონდოისტი - ნიკა ღოღობერიძე, მოცურავეები - ანასტასია მიქელაშვილი და სალი შჩერბაევა , მძლეოსანი - კონსტანტინე კორძახია.

წინ კიდევ 2 საშეჯიბრო დღეა და საქართველოს ნაკრები გუნდი კვლავ განაგრძობს ასპარზობას მედლებისთვის.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094455