ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ქლოი კელიმ ქალთა ევროპის ჩემპიონატის - 2025-ის ფინალური მატჩის შედეგებზე ისაუბრა. ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 3:1 პენალტები). კელიმ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
„ჩვენმა გუნდმა აჩვენა, რას ნიშნავს იყო ინგლისელი. ძალიან ვამაყობ. ეს გუნდი მაგიის ნაყოფია. პენალტების სერიაში ბურთთან მიახლოებისას აბსოლუტურად მშვიდი და თავშეკავებული ვიყავი. ვიცოდი, რომ ბურთი კარში მოხვდებოდა. ორჯერ არ ვაცდენ პენალტს“, - კელის სიტყვებს ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა კონტინენტზე საუკეთესო გუნდის ტიტული დაიცვა. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისელმა ქალთა ნაკრებმა გერმანიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. ტურნირი ინგლისში ჩატარდა.