"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი ლამინ იამალისა და ლიონელ მესის შედარებებზე გააკეთა. ესპანელის აზრით, მათი ერთმანეთთან შედარება სისულელეა, რადგან იამალი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა.
"ვფიქრობ, იამალს განვითარების საშუალება უნდა მივცეთ და როდესაც 15 წელი ითამაშებს, შემდეგ ვიმსჯელოთ და ვთქვათ, უკეთესია მესიზე თუ არა. ამ ეტაპზე მათი შედარება დიდი სისულელეა, რადგან ჩვენ 18 წლის ბიჭზე ვსაუბრობთ. ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, მხატვარს უთხრა, რომ ვან გოგივით ხატავს" - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალმა გასულ სეზონში 55 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია.