საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "იბერია" ხვალ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ესტონურ "ლევადიასთან" გამართავს. მატჩამდე ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და გიორგი მაკარიძემ პრესკონფერენცია გამართეს.
ლევან კორღალიძე - "რეალიზაციის დიდი პრობლემა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხი გვაკლია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა. კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდი ნდობა მაქვს. ეს გამომდინარეობს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებიდან. კარგ სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდი. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია და ეს პროცესის თანმდევია. ამას არ უნდა შევეგუოთ და სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და კლუბის ხელმძღვანელების. ლევადიასთან თამაში ნამდვილად კარგად იყო დაგეგმილი. სწორედ ეგ სცენარი წარმოგვედგინა. რეალიზაციის პრობლემა რომ არა, ამ შეხვედრას მოვიგებდით. ასევე მნიშვნელოვანია თამაშის მსვლელობისას კორექტივების შეტანა. კარგია თუ ის გამოგვივა, რაც დაგეგმილი გვაქვს, თუმცა აუცილებელია გეგმა B-ც მზად გვქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რაც დავგეგმეთ ყველაფერი გამოგვივა".
გიორგი მაკარიძე - "პირველი თამაშიდან გამომდინარე შანსები თანაბარია. უკეთესი გუნდი ვართ, შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ახლა ყველაზე მთავარი ერთობა და განწყობაა. ეს ორი კომპონენტი თუ გვექნება ხვალ, დადებით შედეგს მივაღწევთ. დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ. იმედია ხვალ კიდევ ერთხელ დაგვიდგებიან გვერდში და გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ. პირობას ვდებ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ".
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ესტონეთში მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ხვალინდელი შეხვედრა "მიხეილ მესხის" სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.