„ბოკა ხუნიორსი“ მწვავე კრიზისშია და აპრილის შემდეგ მატჩი არ მოუგია. შედეგად, არგენტინული ფეხბურთის გრანდს 120-წლიან ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია აქვს.
11 მატჩი მოგების გარეშე - „ბოკას“ მსგავსი ცუდი სერია პირველად აქვს. ბოლოს არგენტინულმა გუნდმა „ესტუდიანტეს დე ლა პლატა“ 2:0 დაამარცხა, 19 აპრილს. მას შემდეგ კი ვერ იგებს. ამ პერიოდში გუნდმა სამი მწვრთნელიც შეიცვალა: ფერნანდო გაგო, მარიანო ერონი და მიგელ ანხელ რუსო.
„ბოკას“ აქამდე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია 10-მატჩიანი ჰქონდა, ორჯერ, 1957 და 2021 წლებში.
„ბოკა ხუნიორსმა“ უახლოეს პერიოდში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც ორი ფრით და მარცხით ჯგუფში ჩარჩა. იმდენი მოახერხა, რომ ტურნირის ალბათ ყველაზე სუსტ გუნდს, „ოკლენდ სიტისაც“ ვერ მოუგო.