„ლივერპულის“ მეკარეების მწვრთნელმა ხავი ვალერომ განაცხადა, რომ გიორგი მამარდაშვილი თავის ასაკში საუკეთესო მეკარეა, რომელსაც უზარმაზარი პოტენცილი აქვს.
„გიოს სახით, გვყავს მეკარე, რომელიც ახალგაზრდაა და უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა და ვფიქრობ, უკვე აჩვენებს, რომ მას აქვს ის, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მომდევნო წლებში საუკეთესო მეკარე გახდე. ის ძალიან მყარი იყო და აგრძელებს ზრდას, რაც ლა ლიგაში, „ვალენსიასთან“ ერთად, მთელი ამ წლების განმავლობაში აჩვენა. ვიტყოდი, რომ თავისი ასაკის საუკეთესო მეკარეა.
ვფიქრობ, კლუბში გაგვიმართლა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გვყავს და მეორე თავისი ასაკის საუკეთესო. ამ ორი მეკარით ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. მათი მწვრთნელობა პრივილეგიაა, რომელიც პასუხისმგებლობასთან ერთად მოდის, მაგრამ თავს იღბლიანად ვგრძნობ, რომ შემიძლია ყოველდღიურად ვიმუშაო ამ მეკარეებთან, მხარი დავუჭირო მათ და მაღალი სტანდარტები შევინარჩუნო. უნდა შევძლო მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია.
ალისონი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და ის ამ დონეზე წლების განმავლობაში თამაშობდა, ამიტომ ყველა ჩვენგანისთვის ჩვენი საქმე და პასუხისმგებლობაა, რომ სტანდარტები მართლაც მაღალი შევინარჩუნოთ. მეკარის პოზიციაზე მაღალი სტანდარტების შენარჩუნება ჩემი პასუხისმგებლობაა და ჩვენ, როგორც კლუბს, გაგვიმართლა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე გვყავს. ასე რომ, ეს პასუხისმგებლობაა, მაგრამ გამიმართლა, რომ წარსულში მსგავსი გამოწვევების წინაშე ვყოფილვარ და ამ სეზონში მიზანია შევინარჩუნო კლუბის მიერ მრავალი წლის განმავლობაში დადგენილი მაღალი სტანდარტები“, - თქვა ვალერომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით პრესეზონზე უკვე სამი მატჩი ჩაატარა. ინგლისური კლუბი 30 ივლისს მორიგ ამხანაგურ მატჩს იაპონურ „იოკოჰამასთან“ გამართავს. აღსანიშნავია, რომ ალისონმა აზიური ტურნე დატოვა, შესაბამისად, მოახლოებულ სპარინგში მამარდაშვილის გამოჩენა ძირითად შემადგენლობაშია მოსალოდნელი. ბრაზილიელი მეკარე კლუბს ინგლისში შეუერთდება.