საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ევროტურნირებს დაემშვიდობა. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კონფერენს ლიგასაც, სადაც ესტონეთის ჩემპიონი „ლევადია“ მისთვის დაუძლეველი ბარიერი გამოდგა.
„იბერია“ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ საგოლე მომენტებს, რომელსაც ქმნიდა, სათანადოდ ვერ იყენებდა.
პირველი ტაიმის მიწურულს ლევან კორღალიძის გუნდმა მიზანს მიაღწია და ანგარიში გახსნა: გიორგი ტაბატაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ გურამ გოშთელიანმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა და ტაიმი მოიგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა.
თითქოს, გოლს „იბერიასთვის“ ახალი ენერგია უნდა მიეცა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზევე გოლი გაუშვა. თავი კარლოს ტორესმა გამოიჩინა და ტაბლო ისევ „ლევადიას“ სასარგებლოდ აქცია. თბილისურმა გუნდმა შეუტია, რამდენიმე კარგი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდა.
ასე გაგრძელდა 87-ე წუთამდე, სანამ დერეკ აგიაკვამ მეკარეს არ დაასწრო და თავით მეორედ დააწინაურა „იბერია“, რითაც ორი მატჩის ჯამში ანგარიში კვლავ გათანაბრდა. დაინიშნა დამატებითი დრო. აი, აქ, საქართველოს ჩემპიონს დაღლილობა ძალიან დაეტყო და გოლიც გაუშვა. 109-ე წუთზე კირსმა მეორედ გაათანაბრა.
შედეგად, მატჩი 2:2 დასრულდა, ორი შეხვედრის ჯამში „ლევადიამ“ 3:2 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო საქართველოს ჩემპიონი ევროთასებს მიღმა აღმოჩნდა.
ქართული საკლუბო ფეხბურთის მორიგი იმედგაცრუება, ამის თქმა თამამად შეიძლება, რადგან „ლევადია“ ძალიან სუსტი გუნდი ჩანდა. თუმცა, საქმე ისაა, რომ „იბერიაც“ არ გამოჩნდა მასზე უკეთესი...
„იბერია“ – „ლევადია“ 2:2 დ.დ (2:1)
გოლები: 1:0 გოშთელიანი (40), 1:1 ტორესი (48), 2:1 აგიაკვა (87), 2:2 კირსი (109)