საბოლოოდ ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა დასრულებულია, ნიგერიელი ფეხბურთელი "ნაპოლიდან" კარიერას "გალათასარაიში" გააგრძელებს.
როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ყველა საკითხზე შეთანხმება "ნაპოლისთან" მიღწეულია და ოსიმენს სტამბულში დღეს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
კონტრაქტის მიხედვით, ოსიმენი თურქეთში 2029 წლამდე დარჩება და სეზონში მისი ხელფასი 18 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნული გარიგებიდან "პარტენოპეი" 40 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ მიიღებს, ხოლო დანარჩენი 35 მილიონი "გალათასარაიმ" 2026 წლის ივლისამდე უნდა გადაიხადოს. ამასთან ერთად, თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში „გალათასარაი“ ოსიმენს იტალიაში გაყიდის, ტრანსფერის საფასურის 10% „ნაპოლის“ ერგება.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში „გალათასარაიში“ იჯარით ითამაშა (41 მატჩი, 37 გოლი) და თურქეთის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო თურქეთის თასი. „ნაპოლიში“ ოსიმენი 2020-2024 წლებში თამაშობდა და 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლილის“, „შარლერუასა“ და „ვოლფსბურგის“ წევრი იყო.