„ლივერპულმა“ აზიური ტურნე „იოკოჰამა მარინოსთან“ გამარჯვებით (3:1) დაასრულა, გიორგი მამარდაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა.
ლივერპულური გამოცემები ქართველი მეკარის თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურნენ:
Liverpool.com 6 ქულა: „ალისონი პირადი მიზეზების გამო არ იყო მოედანზე, თუმცა ქართველს იმდენად ცოტა საქმე ჰქონდა, ალისონის არყოფნა თუ ვერ შეამჩნიეთ, გეპატიებათ. ერთი სეივი ჰქონდა, რასაც ველოდით, ხოლო გოლის მომენტში ვერაფერს გააკეთებდა“.
Liverpool Echo 7 ქულა: „პირველი ტაიმის ბოლოს თავური დარტყმა შესანიშნავი სეივით მოიგერია. ცდილობდა თანაგუნდელები პასებით მოემარაგებინა. მარცხენა ფეხი მართლაც გამოსადეგია“.
„ლივერპული“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს „ბილბაოსთან“ გამართავს, ხოლო შემდეგ უკვე სეზონს დაიწყებს: 10 აგვისტოს, ინგლისის სუპერთასზე „კრისტალ პალასს“ შეხვდება, ხოლო 15 აგვისტოს პრემიერლიგაში „ბორნმუთს“.