ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ომონიასთან“ საპასუხო მატჩის ისაუბრა.
„პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა და დავმარცხდით, თუმცა დაკარგული არაფერია. ერთი კვირა გვქონდა დაშვებული შეცდომების ანალიზისთვის. ამაზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ.
მჯერა გუნდის და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება. გვაქვს სავსე ტრიბუნების და შესანიშნავი ატმოსფეროს იმედიც.
გიორგი კოხრეიძე? მართალია, ბოლო მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თუმცა მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დღეს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება და არ გამოვრიცხავ ხვალინდელი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს“, - თქვა შუსტერმა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „ომონიას“ მატჩი 31 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.