ნიქოზიის ომონიას მთავარმა მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა „ტორპედოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
„ტორპედოს“ ხარისხი აქვს, ზოგიერთი მოთამაშე გამორჩეულია. როგორც გუნდმა, მათ იციან, რა უნდა გააკეთონ მოედანზე. პირველ მატჩში თამაში ძალიან კარგად ვმართეთ და ხვალაც იგივეს გაკეთებას ვისურვებდით.
გულშემატკივრები „ტორპედოს“ დაეხმარებიან, თუმცა ყველა ფეხბურთელს უყვარს სავსე სტადიონებზე თამაში. საშინაო თამაშში კარგი ელემენტები გვქონდა, თუმცა შეგვეძლო მეტი გოლის გატანა. თუმცა, ყველა მატჩი განსხვავებულია და გვსურს, უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
კმაყოფილი ვარ იმ პროგრესით, რომელსაც გუნდურად მივაღწიეთ, მაგრამ ლოგიკურია, გვსურდეს გაუმჯობესება. ფეხბურთში სეზონების შედარება რთულია. მაშინ ნულიდან ვაშენებდით, მზა გუნდი არ არსებობდა. ბევრი ცვლილება იყო საჭირო. ახლა გუნდი უკეთეს მდგომარეობაშია, უკვე ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს და თუ იგივე მენტალიტეტით გავაგრძელებთ, მუდმივად მოვუმატებთ“, - თქვა ბერგმა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „ომონიას“ მატჩი 31 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.