ფეხბურთი

1:45 | 31.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "არ ვიცი, ემოციები როგორ აღვწერო, იქ ვარ, სადაც ყოფნა მიყვარს"

ვიქტორ ოსიმენი სტამბოლში ჩავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „გალათასარაიში“ ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

ნიგერიელმა ფეხბურთელმა საწადელს მიაღწია, მას „ნაპოლის“ დატოვება და თურქულ კლუბში თამაში სურდა.

„არ ვიცი, როგორ აღვწერო ჩემი ემოციები. ძალიან აღელვებული ვარ, რომ დავბრუნდი იქ, სადაც ყოფნა მიყვარს“, - თქვა ოსიმენმა აეროპორტში.

შეთანხმების დეტალები ასეთია: „გალათასარაი“ 40 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ გადაიხდის, ხოლო დანარჩენი 35 მილიონი ევრო 2026 წლის ივლისამდე უნდა გადაიხადოს.

გარდა ამისა, თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში „გალათასარაი“ ოსიმენს იტალიაში გაყიდის, ტრანსფერის საფასურის 10% „ნაპოლის“ ერგება. ნიგერიელი სტამბოლელებთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 18 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში „გალათასარაიში“ იჯარით ითამაშა (41 მატჩი, 37 გოლი) და თურქეთის ჩემპიონი გახდა, ასევე მოიგო თურქეთის თასი. „ნაპოლიში“ ოსიმენი 2020-2024 წლებში თამაშობდა და 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ლილის“, „შარლერუასა“ და „ვოლფსბურგის“ წევრი იყო.

0.099039