თბილისის „სპაერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანზორ კიღურაძემ ვენის „აუსტრიასთან“ მარცხის (0:5) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს და გუნდი პირველი მატჩიდან მეორემდეც კი გაიზარდა:
„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ორივე მატჩისგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ამ ერთ კვირაში, პირველი მატჩიდან მეორე მატჩმდე გუნდი მართლა გაიზარდა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს სამი გოლის მიყოლებით გაშვებამ ცოტა ხასიათი გაგვიფუჭა და ჩამოანგრია ყველაფერი, რაც დაგეგმილი გვქონდა. თუმცა, ის გამოცდილება, რაც ამ ძალიან მაგარ გუნდთან თამაშებით მივიღეთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჩემპიონატში გამოგვადგება. ჯერ უმაღლეს ლიგაშიც არ გვაქვს ნათამაშები, მეორე ლიგის გუნდი ვართ და ჩვენს კვალობაზე გიგანტ გუნდთან თამაში დიდი გამოცდილება იყო.
მადლიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების, მოედანზე გამოუცდელობა დაგვეტყო, მაგრამ იგრძნობოდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ გოლებმა აგვრია, ესეც სავარაუდოდ, გამოცდილების ამბავია. ანალიზს გავაკეთებთ და ვეცდებით, ეს ყველაფერი ჩვენს ჩემპიონატში გამოვიყენოთ. ამ ბიჭებმა გასვლით მატჩში სული და გული ჩადეს, მართლაც საფეხბურთო გარემოში, გასაოცარი ატმოსფერო იყო იქ და ამის ფონზე, მართლაც ნორმალურად ვითამაშეთ. დღეს ვინც მოვიდა, მადლობას ვუხდით. ველოდებოდით რთულ თამაშს, მაგრამ პირველი თამაშიდან გამომდინარე უფრო მეტი ინფორმაცია და გეგმა გვქონდა, მივყვებოდით გეგმას, მაგრამ ჩვენი შეცდომებით გაშვებულმა გოლებმა ყველაფერი შეცვალა. მეორე ლიგაში პირველ ადგილზე ვართ და გვინდა, უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ. ასეთი ანგარიშით წაგება ჩვენთვის ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ ვეცდები, ბიჭებს ეს წნეხი მოვუხსნა და უფრო მეტი გამოცდილებით გადავერთოთ ეროვნულ ჩემპიონატში“, - თქვა კიღურაძემ.
კომენტარი ასევე გააკეთა „სპაერის“ ფეხბურთელმა ლევან ბარაბაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პირველი ტაიმის წაგებას არ იმსახურებდნენ:
„თამაშის დასაწყისში დავალება 100%-ით შევასრულეთ. ვფიქრობ, ერთ გოლსაც ვიმსახურებდით, მაგრამ ტაიმის ბოლოს გათიშვამ სიტუაცია შეცვალა. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ფრეს მაინც ვიმსახურებდით, ხოლო მეორე ტაიმში ვცდილობდით, იმ ხალხისთვის გვეთამაშა, ვინც დაგვაფასა. სადებიუტო თამაშები იყო ჩვენთვის და ვფიქრობ, მომავალში უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ. თუ ვინმემ უყურა ორივე მატჩს, ამ ორ შეხვედრაში ზრდას უკვე შეამჩნევდა. ჩემი აზრით, უკვე გაზრდილები ვართ, ჩვენი მიზანია ეროვნულ ლიგაში გადასვლა და თასზე ტიტულის დაცვა, ვნახოთ, რა მოხდება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა ბარაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ „სპაერი“ ვენის „აუსტრიასთან“ ორი მატჩის ჯამში 0:7 დამარცხდა.