კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულმა „არისმა“ სტუმრად უნგრული „პუშკაშ აკადემია“ 2:0 დაამარცხა, გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 77-ე წუთზე გახსნა. გიორგიმ უნგრულ კლუბს ორივე მატჩში გაუტანა. „არისმა“ ორი მატჩის ჯამში 5:2 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზეა, სადაც ათენის აეკ-ს გაეჯიბრება.
გოლი გაიტანა თემურ ჩოგაძემ, რომელიც ლიეტუვის „კაუნოს“ ღირსებას იცავს. ქართველმა ფეხბურთელმა ისლანდიურ „ვალურთან“ საგარეო მატჩში 38-ე წუთზე გახსნა ანგარიში და თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა (2:1). „კაუნო“ მომდევნო ეტაპზე გავიდა, რადგან ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო. ლიეტუვური გუნდი მომდევნო წრეში ბულგარულ "არდას" შეხვდება.
ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ 4:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი სტუმრად წაგებული ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 1:2. მექვაბიშვილმა 76-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო გულიაშვილმა შეუცვლელად და ყვითელი ბარათი მიიღო. "კრაიოვას" წინ სლოვაკურ "ტრნავა სპარტაკთან" დაპირისპირება ელოდება.
ტრანავას „სპარტაკმა“ მალტური „ჰიბერნიანსი“ შინ 5:1 გაანადგურა და ორი მატჩის ჯამში 7:2 აჯობა. გიორგი მოისწრაფიშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. "ტრანავას" მეტოქე როგორც ვთქვით, "კრაიოვა" იქნება.
ასპარეზობას გამოეთიშა „ზირა“, რომელიც სპლიტის „ჰაიდუკთან“ დამატებით დროში 1:2 დამარცხდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგო. დავით ვოლკოვმა 46-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა 58-ე წუთიდან.
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დონეცკის „შახტარმა“ 2:0 სძლია „ბეშიქთაშს“ და მომდევნო ეტაპზე გავიდა (ორი მატჩის ჯამში უკრაინულმა გუნდმა 6:2 მოიგო). გიორგი გოჩოლეიშვილმა მხოლოდ 81-ე წუთიდან ითამაშა, ირაკლი აზაროვი ისევ სათადარიგო სკამზე დარჩა. "შახტარის" მომდევნო მეტოქე ათენის "პანათინაიკოსი" იქნება.