ფეხბურთი

21:59 | 2.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა განახლდა: "იბერია" 10-კაციან "თელავთან" დამარცხდა

ევროტურნირებზე მორიგი ფიასკოსა და კატასტროფის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი განახლდა, სადაც პაუზა ორ თვეზე მეტ ხანს იყო.

სეზონი მესამე წრით, მე-19 ტურით განახლდა, მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „თელავს“ უმასპინძლა და კონკრეტულად ეროვნულ ლიგაში 30-მატჩიანი წაუგებელი სერიაც შეუწყდა.

მეცხრე წუთზე „იბერია“ დერეკ აგიაკვას გოლით დაწინაურდა. 32-ე წუთზე „თელავი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან ტატო ჟივიძე გააძევეს. თუმცა, მალევე ფირუზ გაბიტაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმის დასრულებამდე მეორედ წინ გასვლა მაინც შეძლო ნიკოლოზ დადიანის გოლით, მაგრამ შესვენებამდე ჯადული იობაშვილმა მეორედ გაათანაბრა.

მეორე ტაიმში 10-კაციანმა „თელავმა“ გამარჯვების გოლიც გაიტანა: 85-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილმა დალაშქრა მასპინძლეთა კარი - 2:3.

„იბერია“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, თუმცა 44 ქულით ისევ ლიდერია და მომდევნო ტურში 9 აგვისტოს, „ტორპედოს“ უმასპინძლებს. უნდა ითქვას, რომ ყველა ტურნირის ჩათვლით „იბერიას“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. „თელავი“ 15 ქულით მეცხრეა და წინ კონკურენტ „კოლხეთთან“ შეხვედრა ელოდება.

0.166701