„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „კალიარისთან“ ამხანაგური მატჩის (0:1) შემდეგ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.
ქართველ ფეხბურთელს ხსენებულ შეხვედრაში არ უთამაშია და როგორც გაირკვა, მიზეზი ტრავმაა:
„ამ მატჩის მიღმა ზურიკო დავითაშვილი სამკურნალოდ დავტოვეთ. ის მთელი კვირა ვარჯიშობდა და ვიმედოვნებდით, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებდა, მაგრამ მატჩის წინა დღეს ვარჯიშის ბოლოს კუნთის ტკივილს უჩიოდა. წასვლამდე ექიმთან კონსულტაცია გავიარეთ და გადავწყვიტეთ, რომ შემადგენლობის მიღმა დაგვეტოვებინა“, - აღნიშნა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ქართველ ფეხბურთელს რამდენმე კლუბს უკავშირებენ, სულ ბოლოს „ბოლონიაზე“ გავრცელდა ინფორმაცია. მას „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
„სენტ ეტიენმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, სეზონს კი, 9 აგვისტოს, „ლავალთან“ საგარეო მატჩით დაიწყებს.