ფეხბურთი

18:02 | 3.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ამ ეტაპზე წესებზე მაღლა ადამიანური მხარე უნდა დააყენონ"
"არ შეილება ასეთი ტრადიციული კლუბის უბრალოდ გაქრობა"

არნემის „ვიტესს“ ფინანსური პრობლემების და დარღვევების გამო ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციამ პროფესიონალური კლუბის სტატუსი ჩამოართვა.

კლუბს ჯერ კიდევ აქვს აპელაციის უფლება, რომელიც შედეგს თუ გამოიღებს, „ვიტესი“ პროფესიონალთა შორის დარჩება, მაგრამ ამის შანსი მცირეა და დიდი ალბათობით, არნემელები ამიერიდან სამოყვარულო დონეზე ითამაშებენ.

Voetbal International-მა გამოაქვეყნა გურამ კაშიას ინტერვიუ, რომელიც მთლიანად ამ თემას შეეხო. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძალიან განაწყენებული და გაბრაზებულია მიღებული გადაწყვეტილებით:

„ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი. ჩემი პროფესიონალური მატჩების უმეტესობა მასში ჩავატარე და დღემდე ძლიერი გრძნობები მაქვს მის მიმართ. სისულელე იქნებოდა, თუ კლუბი განადგურდებოდა იმ ადამიანების სულელური შეცდომებით, რომლებიც თავიანთ საქმეს სათანადოდ არ ასრულებდნენ.

ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია (KNVB) კლუბს უნდა დაეხმაროს, მაგრამ საქმეები კარგად არ მიდის და ისინი კლუბებსაც არ ეხმარებიან. ვფიქრობ, ყველას სურს „ვიტესის“ გადარჩენა. თუნდაც „ნაიმეგენს“. მესმის, რომ ისინი წესებით არიან შებოჭილნი, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთონ. მე და ჩემი ქალიშვილი ყოველ შაბათ-კვირას „ვიტესზე“ ვსაუბრობთ და მალე ამ კავშირს დავკარგავთ.

ვნერვიულობდი და ახლა გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ იმ ადამიანებზე, ვინც შეცდომები დაუშვა, გაბრაზებული ვარ KNVB-ზე (ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია) წესების ასე მკაცრად გამოყენების გამო. ეს ჩემთვის ზედმეტად ნიდერლანდურია. თვალის დახუჭვა არ შეეძლოთ? როგორც ჩანს საქმის გამოსწორება შეუძლებელია. საერთოდ რას ეუბნებით „ვიტესის“ ბავშვებს? „ნაიმეგენში“ ითამაშონ თუ „აიაქსში“? მოსამართლემ ესეც უნდა გაითვალისწინოს.

ჯერ კიდევ არის მცირე შანსი. ჩემთვის ყველაფერი ბოლომდე არ დასრულებულა. ისინი ყველაფერს აკეთებენ კლუბის გადასარჩენად, ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს და იმედი მაქვს, რომ გამოასწორებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ადამიანური მხარე ამ ეტაპზე წესებზე მაღლა უნდა დააყენონ. არავის სურს „ვიტესის“ გაქრობა, მაშ, რატომ უნდა გააკეთონ ეს? ასეთი ძველი და ტრადიციული კლუბის უბრალოდ გაქრობა არ შეიძლება“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ „ვიტესში“ 2010-2018 წლებში 292 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 2017 წელს მისი კაპიტნობით კლუბმა ისტორიაში ერთადერთი ტიტული მოიგო - ნიდერლანდების თასი. „ვიტესის“ მფლობელი თავის დროზე მერაბ ჟორდანია იყო, ხოლო კაშიას გარდა, კლუბში გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობდნენ.

„ვიტესში“ ახლაც ირიცხება ქართველი - ირაკლი იეგოიანი, რომელიც გასულ სეზონში გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ პროფესიული სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ ირაკლის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. "ვიტესს" დარღვევების გამო ჯერ ერედივიზიონში დააკლეს ქულები, შემდეგ ერსტედივიზიონშიც და ახლა, პროფესიული კლუბის სტატუსიც ჩამოართვეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098216