ფეხბურთი

18:45 | 5.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია. ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გოგლიჩიძე „უდინეზეს“ „ემპოლიდან“ 4 მილიონ ევროდ შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა „ბიანკონერისთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო ხელფასის სახით სეზონში 600 000 ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს.

საბა „უდინეზემ“ სლოვენიელი მცველის, იაკა ბიოლის შემცვლელად შეიძინა, რომელიც გუნდის ლიდერი იყო და „ლიდს იუნაიტედში“ გადავიდა.

საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია, რომლის რიგებში 2021-2023 წლებში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2024 წლის იანვარში ის „ემპოლიმ“ შეიძინა, მაგრამ მაშინ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია. საბამ იტალიურ გუნდში თავი გასულ სეზონში დაიმკვიდრა, როდესაც სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩში 1 საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში გოგლიჩიძეს 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

„უდინეზე“ ტრადიციული იტალიური კლუბია, რომლის რიგებში არაერთ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია. გუნდის მთავარი მწვრთნელი გერმანელი კოსტა რუნიაიჩია. უდინელებმა გასულ სეზონში მე-12 ადგილი დაიკავეს, ხოლო ახალ სეზონს 25 აგვისტოს, „ვერონასთან“ მატჩით დაიწყებენ, თუმცა იქამდე ერთი კვირით ადრე, იტალიის თასზე "კარარეზეს" დაუპირისპირდებიან. სეზონის დაწყებამდე "უდინეზეს" 9 აგვისტოს, ბრემენის "ვერდერთან" ამხანაგური მატჩიც აქვს დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.174137